პალეონტოლოგებმა პრეისტორიული ოკეანეების ახალი, მასშტაბური მტაცებელი აღმოაჩინეს. სახეობას Tylosaurus rex უწოდეს. ეს საზღვაო რეპტილია, რომელიც მოზაზავრების ოჯახს მიეკუთვნება, დაახლოებით 80 მილიონი წლის წინ ბინადრობდა და ზომით თითქმის ორჯერ აღემატებოდა დღევანდელ უდიდეს თეთრ ზვიგენებს.
აღმოჩენის ისტორია და მცდარი იდენტიფიკაცია
კვლევა, რომელსაც ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის, დალასის პეროს მუზეუმისა და სამხრეთ მეთოდისტური უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ, ტეხასის ჩრდილოეთ რეგიონში ნაპოვნ ნამარხებს ეფუძნება. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც მკვლევარმა ამელია ზიტლოუმ მუზეუმის კოლექციაში არსებული ერთი ნიმუში შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ იგი არასწორად იყო მიკუთვნებული უკვე ცნობილი Tylosaurus proriger-ის სახეობას.
მეცნიერებმა ნიმუშები ჰარვარდის უნივერსიტეტის კოლექციებს შეადარეს და დაასკვნეს, რომ ტეხასური ნამარხები სრულიად განსხვავებულ სახეობას წარმოადგენს. ამ აღმოჩენის შემდეგ, მუზეუმებში დაცული ათზე მეტი მსგავსი ნამარხი ხელახლა კლასიფიცირდა.
რატომ არის T. rex განსაკუთრებული?
ახალი სახეობა გამოირჩევა არა მხოლოდ ზომით, არამედ კბილების აგებულებითაც. T. rex-ს წვრილად დაკბილული კბილები ჰქონდა, რაც მოზაზავრებისთვის იშვიათი მახასიათებელია. კვლევის ავტორების განცხადებით, ეს არსება არა მხოლოდ ფიზიკურად დიდი, არამედ ბევრად უფრო აგრესიულიც იყო, ვიდრე მისი ნათესავები.
მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ Tylosaurus rex-ებს შორის სასტიკი დაპირისპირებები ხდებოდა, რაც სხვა მოზაზავრებში ნაკლებად შეინიშნება.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში, მეტსახელად „შავი რაინდი“, დაზიანებული ყბითა და წვერით, სწორედ შიდასახეობრივი კონფლიქტების დასტურია. დალასის პეროს მუზეუმში გამოფენილი ეს ნიმუში მკვლევარებს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოდან შეისწავლონ პრეისტორიული მტაცებლების ქცევა.
ევოლუციური სურათის გადახედვა
ამ აღმოჩენამ მეცნიერები აიძულა, გადაეხედათ მოზაზავრების ევოლუციური კავშირებისთვის. კვლევითმა ჯგუფმა შეიმუშავა მონაცემთა ახალი ბაზა, რომელიც, მათი აზრით, მოძველებულ მიდგომებს შეცვლის. მეცნიერების თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ ვითარდებოდნენ და იცვლებოდნენ დინოზავრების ეპოქის ეს მასშტაბური მტაცებლები.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.