ალასკას ერთ-ერთ მიუდგომელ ფიორდში მომხდარი გეოლოგიური კატასტროფა მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა. გასულ ზაფხულს, მთის ნაწილის ჩამონგრევამ 500 მეტრამდე სიმაღლის მეგაცუნამი წარმოქმნა, რაც ისტორიაში დაფიქსირებული სიდიდით მეორე მსგავსი მოვლენაა.

კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, კატასტროფა 64 მილიონი კუბური მეტრი ქანის ზღვაში ჩავარდნამ გამოიწვია. ეს მოცულობა დაახლოებით 24 „დიდი პირამიდის“ ტოლფასია. მთის მასივი ერთ წუთზე ნაკლებ დროში ჩაინგრა, რამაც კოლოსალური ენერგია და ტალღა წარმოქმნა.

მყინვარების დნობა და გაზრდილი საფრთხე

გეოლოგ ბრეტვუდ ჰიგმანის თქმით, რომელიც ტრეისი არმის ფიორდში დაზიანებებს ადგილზე აკვირდებოდა, ეს „ძლივს გადარჩენილი“ შემთხვევა იყო. ტალღამ მხოლოდ იმიტომ არ გამოიწვია მსხვერპლი, რომ დილის საათებში მოხდა, როდესაც ტურისტული გემები ახლომახლო არ იმყოფებოდნენ.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ალასკა განსაკუთრებით მოწყვლადია მეგაცუნამების მიმართ. რეგიონის ციცაბო მთები, ვიწრო ფიორდები და ხშირი მიწისძვრები ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს. თუმცა, მთავარ პრობლემად კლიმატური ცვლილებები იქცა.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი, დოქტორი სტივენ ჰიქსი განმარტავს, რომ მყინვარები მანამდე მთის ფერდობებს საყრდენად ემსახურებოდა. მათი დნობის შედეგად კლდის ძირი შიშვლდება, რაც მეწყრული პროცესების დაწყებას აადვილებს.

გლობალური რისკები და ტურიზმი

მეგაცუნამები, ტრადიციული ცუნამებისგან განსხვავებით, ძირითადად ლოკალური ხასიათისაა და სწრაფად ქრება. თუმცა, საფრთხე რეალურია ტურისტული სექტორისთვის, რომელიც ალასკას ბუნებრივი სილამაზითა და მყინვარებით იზიდავს მნახველებს.

მკვლევარების მონაცემებით, მსგავსი მოვლენების სიხშირე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ათჯერ არის გაზრდილი. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც მეტი ტურისტი სტუმრობს მიუდგომელ ადგილებს კლიმატური ცვლილებების ეფექტების სანახავად.

შედეგად, ზოგიერთმა საკრუიზო კომპანიამ უსაფრთხოების მიზნით ტრეისი არმის ფიორდში მარშრუტების შეწყვეტა უკვე გადაწყვიტა. მეცნიერები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უფრო აქტიურად გააკონტროლონ ალასკას ის მონაკვეთები, სადაც მეწყრული პროცესების რისკი მაღალია.