ბრინჯაოს ხანის დასასრული (ძვ.წ. 1300-800 წწ.), რომელიც ცნობილია როგორც „ურნების ველების კულტურა“, ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული ცვლილებების პერიოდია. თუმცა, მიცვალებულთა კრემაციის გავრცელებული ტრადიციის გამო, მეცნიერებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უჭირდათ ამ ეპოქის დეტალურად შესწავლა.

საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა Nature Communications-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში შეძლო ამ ბარიერის გადალახვა. მათ გერმანიაში, ჩეხეთსა და პოლონეთში აღმოჩენილი იშვიათი, არაკრემატული სამარხები შეისწავლეს, რასაც დაუმატეს კუკენბურგისა და ესპერშტედტის ტერიტორიებზე ნაპოვნი ნეშტების ანალიზი.

გენეტიკური ცვლილებები და მიგრაციის მითი

კვლევამ უარყო ვარაუდი პოპულაციების მასობრივი ჩანაცვლების შესახებ. გენეტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ცვლილებები ნელი და რეგიონულად განსხვავებული იყო. ცენტრალურ გერმანიაში მოსახლეობის გენეტიკური სტრუქტურა უფრო მეტად ბრინჯაოს ხანის გვიანდელ ეტაპებზე შეიცვალა, რაც ევროპის სხვა რეგიონებთან, განსაკუთრებით დუნაის სამხრეთით არსებულ თემებთან კავშირის ზრდაზე მეტყველებს.

იზოტოპური ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე იმავე რეგიონში რჩებოდა, სადაც დაიბადა. ეს ნიშნავს, რომ იდეები, ტექნოლოგიები და კულტურული ჩვეულებები მიგრაციის გარეშე, სავაჭრო ურთიერთობებისა და სოციალური კონტაქტების წყალობით ვრცელდებოდა.

დიეტა და სოციალური ადაპტაცია

კვლევის ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენა კვების რაციონის ცვლილებას უკავშირდება. ბრინჯაოს ხანის ადრეულ პერიოდში საზოგადოებამ დაიწყო ფეტვის გამოყენება, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთიდან შემოვიდა. ეს კულტურა გარემო ფაქტორებთან ადაპტაციისთვის ეფექტური აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ მოგვიანებით ფეტვის მოხმარება შემცირდა და მოსახლეობამ ისევ ხორბალსა და ქერს დაუბრუნდა. მეცნიერები ამას არა სოფლის მეურნეობის სისტემის რადიკალურ ცვლილებად, არამედ იმ დროის ადამიანების ექსპერიმენტულ მიდგომად აფასებენ.

ჯანმრთელობა და რიტუალები

მიუხედავად ფიზიკურად მძიმე შრომისა და ბავშვობაში გადატანილი სტრესისა, კვლევა არ ადასტურებს ეპიდემიების მასობრივ გავრცელებას. ადამიანებს ჰქონდათ პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

სამარხების მრავალფეროვნება კი – კრემაციიდან დაწყებული თავის ქალის ცალკე დაკრძალვით დასრულებული – მოწმობს, რომ ბრინჯაოს ხანის ევროპელებს ჰქონდათ არჩევანის ფართო სპექტრი საკუთარი იდენტობისა და მეხსიერების გამოსახატად.