გერმანიის ქალაქმა საარბრუკენმა თბილისთან 1975 წლიდან არსებული დამეგობრების ხელშეკრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქის საკრებულო რეზოლუციას განიხილავს, რომელიც დედაქალაქებს შორის ოფიციალურ კონტაქტებს დროებით ყინავს.
პარტნიორობა ფორმალურად ნარჩუნდება, თუმცა პრაქტიკული თანამშრომლობა, მათ შორის თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მონაწილეობით, შეწყვეტილია. გერმანული მხარე მას აღარ ელოდება.
რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება?
გერმანული მხარის პრეტენზიები იმავე საკითხებს უკავშირდება, რაზეც ბოლო პერიოდში ევროპული დედაქალაქები და ბრიუსელი მიუთითებენ. საარბრუკენის მერიის განცხადებაში ხაზგასმულია:
- „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი;
- ოპოზიციაზე ზეწოლა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა;
- პროტესტების ძალადობრივი დარბევა;
- საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სასჯელის გამკაცრება.
გერმანული მხარე მიიჩნევს, რომ საქართველო „ერთპარტიული, პოლიციური სახელმწიფოსა და დიქტატურისკენ“ მიდის. საარბრუკენის ადმინისტრაცია კახა კალაძეს არა მხოლოდ მუნიციპალურ ჩინოვნიკად, არამედ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნად განიხილავს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ატარებს.
კალაძის პასუხი
თბილისის მერმა გერმანული მხარის გადაწყვეტილებას „პოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა. საკუთარ მიმართვაში, რომელიც მან „გერმანელი ხალხისადმი სამძიმრის წერილად“ მონათლა, კალაძემ გერმანიის ხელისუფლება „ღრმა სახელმწიფოს“ (deep state) გავლენის ქვეშ ყოფნაში დაადანაშაულა.
კალაძემ გერმანელებს კოპენჰაგენში გამართული აქციების დარბევა შეახსენა და „დამოუკიდებელი აზროვნებისკენ“ მოუწოდა. მან ასევე გააკრიტიკა საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ის „ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულა.
პრეცედენტი
საარბრუკენი პირველი ქალაქი არ არის, რომელმაც თბილისთან ურთიერთობა გაყინა. ერთი წლის წინ ანალოგიური გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქმა ნანტმა მიიღო. მაშინ მიზეზად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები დასახელდა.
თბილისსა და საარბრუკენს შორის დაძაბულობა გასულ წელს დაიწყო, როდესაც პარტნიორობის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გერმანულმა მხარემ კალაძის მოწვევა გააუქმა და ოფიციალური ღონისძიებები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებით ჩაანაცვლა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.