თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის ხალხისადმი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელსაც მან „სამძიმრის წერილი“ უწოდა. განცხადება გერმანული ქალაქის, საარბრიუკენის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც თბილისთან 50-წლიანი დაძმობილების სტატუსი ოფიციალურად გააუქმა.

კალაძის თქმით, გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არასწორად აფასებენ და „გადამწყვეტი ზომების“ სახელით არამეგობრულ ნაბიჯებს დგამენ. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისკენ არის მიმართული.

კრიტიკა გერმანიის მიმართ

თავის წერილში კალაძე ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში მიმდინარე შიდა პროცესებზეც. ის საუბრობს საპროტესტო აქციების დაშლის მეთოდებზე და აცხადებს, რომ გერმანიაში მშვიდობიან მომიტინგეებს ჯერ ხელკეტებით უსწორდებოდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს.

„ჩვენ გვჯერა, რომ გერმანულ საზოგადოებას აქვს საკმარისი სიბრძნე და ძალა, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და ხელისუფლებაში მოიყვანოს ისეთი ძალა, რომელიც გერმანიის რეალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს“, – წერს კალაძე.

მერის შეფასებით, გერმანიის ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი არ შეესაბამება გერმანელი ხალხის ნებას. კალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანიამ უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი აზროვნება და არ დაემორჩილოს იმ ბიუროკრატიულ წნეხს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას მართავს.

საარბრიუკენთან ურთიერთობის გაწყვეტა ორ ქალაქს შორის არსებული ნახევარსაუკუნოვანი კავშირის დასასრულს ნიშნავს. თბილისის მერია ამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და მას გერმანელი ჩინოვნიკების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ზეწოლის ნაწილად აფასებს.