პედრო ალმოდოვარი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ხელოვანებს მორალური ვალდებულება აქვთ, საჯაროდ ისაუბრონ პოლიტიკურ გამოწვევებზე. კანის კინოფესტივალზე, საკუთარი ახალი ფილმის, „Bitter Christmas“-ის პრემიერაზე, 76 წლის ესპანელმა რეჟისორმა გააფრთხილა კოლეგები, რომ დუმილმა შესაძლოა აშშ-ში უკვე დაწყებული ცენზურის მსგავსი პროცესები ევროპაშიც გამოიწვიოს.
„ევროპა არასდროს უნდა გახდეს ტრამპის პოლიტიკის მსხვერპლი“, — განაცხადა ალმოდოვარმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, სიჩუმე და შიში არის ნიშანი იმისა, რომ დემოკრატია იშლება. რეჟისორმა, რომელსაც პიჯაკზე „თავისუფალი პალესტინის“ სამკერდე ნიშანი ეკეთა, ხაზი გაუსვა, რომ ხელოვანები საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან და არ უნდა გაექცნენ მწვავე თემებს.
კანის კინოფესტივალის ფარგლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის უმსხვილესი კინომწარმოებლის, Canal+-ის ხელმძღვანელობა იმ მსახიობების „შავ სიაში“ შეყვანით იმუქრება, რომლებმაც მემარჯვენე ბიზნესმენ ვინსენ ბოლორეს წინააღმდეგ პეტიციას მოაწერეს ხელი. ალმოდოვარის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მყიფეა სიტყვის თავისუფლება.
რეჟისორი უკმაყოფილოა ჰოლივუდში არსებული მდგომარეობითაც. „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალზე მან პროტესტის ნაკლებობა შენიშნა, გამონაკლისად კი მხოლოდ თავისი მეგობარი, ხავიერ ბარდემი დაასახელა, რომელმაც სცენიდან ომის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა. ალმოდოვარი მიიჩნევს, რომ ევროპამ უნდა გამოიყენოს კანონები, როგორც ფარი ამ „სიგიჟის“ წინააღმდეგ.
რაც შეეხება თავად ფილმს, „Bitter Christmas“ ალმოდოვარის პირველი ესპანურენოვანი ნამუშევარია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ფილმი მოგვითხრობს რეჟისორზე, რომელიც კრიზისს განიცდის და საკუთარ შემოქმედებით მეთოდებს აკრიტიკებს. მიუხედავად არაერთგვაროვანი კრიტიკული შეფასებებისა, ფილმს კანში ცხრა წუთიანი ოვაციები მოჰყვა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.