ირანმა ოფიციალურად განაცხადა ჰორმუზის სრუტისა და მიმდებარე აკვატორიის კონტროლის გაფართოების შესახებ. თეირანის მიერ ახლად შექმნილმა „სპარსეთის ყურის სრუტის ორგანომ“ გამოაქვეყნა რუკა, რომლის მიხედვითაც, ირანის შეიარაღებული ძალების ზედამხედველობა 22 000 კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება.
ეს ტერიტორია მოიცავს ომანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) ტერიტორიულ წყლებსაც. საამიროების ხელისუფლების წარმომადგენლებმა ირანის ამ ნაბიჯს „ოცნებების ფრაგმენტები“ უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ თეირანი სამხედრო მარცხის ფონზე ახალი რეალობის შექმნას ცდილობს.
კონფლიქტი საერთაშორისო წყლებში
ირანის ახალი უწყების მოთხოვნით, სრუტეში ნებისმიერი სატრანზიტო გადაადგილება მათთან კოორდინაციასა და ნებართვას საჭიროებს. თუმცა, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ეს მოთხოვნა კატეგორიულად უარყვეს. ამერიკული მხარე გემებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ ირანის მითითებებს, ვინაიდან ზღვის სამართლის შესახებ გაეროს კონვენცია ნებისმიერ გემს უსაფრთხო ნაოსნობის გარანტიას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ირანს ეს კონვენცია რატიფიცირებული არ აქვს.
დაძაბულობა გრძელდება საზღვაო ოპერაციების ფონზეც. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (Centcom) დაადასტურა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა გემ „Celestial Sea“-ს შეამოწმეს, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებულ ბლოკადას არღვევდა. 13 აპრილიდან დღემდე, აშშ-მა 94 კომერციული გემი გადაამისამართა.
დიპლომატიური ფონი
პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაძაბულობის დეესკალაციისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის, ყატარისა და საამიროების თხოვნით, ირანზე დაგეგმილი სამხედრო დარტყმები დროებით შეაჩერა. პრეზიდენტის თქმით, მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკებები, თუმცა ვაშინგტონი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი სამხედრო რეაგირებისთვის.
ამავდროულად, პაკისტანის სამხედრო ხელმძღვანელი თეირანს სტუმრობს, რათა აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ განიხილავს აშშ-ის ახალ წინადადებებს ომის დასრულების შესახებ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.