ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, მათ შორის Microsoft-მა და Meta-მ, აშშ-ის სენატის კომიტეტს იმ ევროპელი საჯარო მოხელეებისა და აკადემიკოსების სახელები მიაწოდეს, რომლებიც ტექნოლოგიური სექტორის რეგულირებაზე მუშაობენ. ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა Vrij Nederland ავრცელებს.
სენატის კომიტეტი ამჟამად „ტექნოლოგიური ცენზურისა“ და „ზეწოლის“ (jawboning) საკითხებს იძიებს. ჩამონათვალში მოხვდნენ ნიდერლანდების კონკურენციის ორგანოს (ACM), კონფიდენციალურობის მეთვალყურე უწყების (AP) თანამშრომლები და დეზინფორმაციის მკვლევარი კლაეს დე ვრეზე.
მთავრობის მწვავე რეაქცია
ნიდერლანდების მთავრობა მომხდარს „უკიდურესად შემაშფოთებელს“ უწოდებს. ციფრული ეკონომიკის მინისტრმა ვილემინ არდტსმა განაცხადა, რომ პოლიტიკური დისკუსიები უწყებებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯარო მოხელეების ზურგს უკან.
მთავრობამ საკითხი აშშ-ის ელჩთანაც დააყენა. არსებობს რეალური შიში, რომ დასახელებულ პირებს აშშ-მა შესაძლოა სანქციები დაუწესოს ან მოგზაურობაზე შეზღუდვები გაუფორმოს. ეკონომიკურ საქმეთა მინისტრმა ერიკ ვან დერ ბურგმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს იმის შესწავლა, თუ რა დოკუმენტები გადაეცა ამერიკულ მხარეს.
ღრმა დამოკიდებულება ამერიკულ ტექნოლოგიებზე
მიუხედავად სკანდალისა, ნიდერლანდების მთავრობა აღიარებს, რომ მოკლევადიან პერიოდში ამერიკულ ტექკომპანიებზე უარის თქმა შეუძლებელია. ქვეყნის საგადასახადო სამსახური ამჟამად Microsoft-ის სისტემებზე გადასვლის პროცესშია.
გარდა ამისა, პრობლემურია ნიდერლანდური ღრუბლოვანი სერვისის, Solvinity-ის საკითხი, რომელსაც სახელმწიფო უწყებები და Digid-ის საიდენტიფიკაციო სისტემა იყენებს. კომპანიის ამერიკულ მხარეზე გასხვისების შემთხვევაში, აშშ-ის Cloud Act-ის კანონმდებლობით, ამერიკულ კომპანიას უფლება ექნება, მოითხოვოს ნებისმიერი შენახული მონაცემი, მიუხედავად იმისა, სად არის ის განთავსებული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის, NOS-ის კვლევის მიხედვით, ნიდერლანდებში არსებული სახელმწიფო უწყებების, სკოლებისა და საავადმყოფოების ვებგვერდების 67% დაკავშირებულია მინიმუმ ერთ ამერიკულ ღრუბლოვან სერვისთან.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.