ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა გადაწყვიტა, დროებითი ინტერნეტ-ტრენდები საკუთარ პროდუქტში გადმოიტანოს. მას შემდეგ, რაც Spotify-ის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილმა დისკო-ბურთის სტილის აიკონებმა ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, Google-მა ანალოგიური დიზაინის დანერგვა გადაწყვიტა.

Android-ის ეკოსისტემის ხელმძღვანელმა სამირ სამატმა სოციალურ ქსელ X-ზე დაადასტურა, რომ Pixel-ის ტელეფონების მფლობელებს უკვე შეუძლიათ, თავიანთი აპლიკაციების აიკონები დისკო-ბურთის სტილით ჩაანაცვლონ. სამატმა ირონიულად აღნიშნა: „თქვენი სურვილი ჩვენი ბრძანებაა. დისკო-აიკონები Pixel-ზე დღეიდან ხელმისაწვდომია… დარწმუნებულები ხართ, რომ ეს ნამდვილად გინდათ?“

როგორ მუშაობს ახალი ფუნქცია?

ახალი დიზაინი Pixel-ის პერსონალიზაციის ფუნქციის ნაწილია, რომელიც Google-მა მიმდინარე წლის მარტში, Pixel Drop-ის განახლების ფარგლებში წარადგინა. მანამდე მომხმარებლებს შეეძლოთ მხოლოდ აიკონების ფერების მორგება ფონის თემასთან, ახლა კი სისტემა AI-ით გენერირებული სტილების არჩევანს გვთავაზობს.

ამ სტილებს შორის არის როგორც ხელნაკეთი „Scribbles“-ის სტილი, ასევე „Treasure“-ის ოქროსფერი და „Easel“-ის ფერადი ვერსიები. დისკო-ბურთის სტილი ამ კოლექციის ყველაზე ექსცენტრული დამატებაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მთელი სახლის ეკრანი ერთგვარ „გაბრჭყვიალებულ ლანდშაფტად“ აქციონ.

მომხმარებლების რეაქცია

მიუხედავად იმისა, რომ Spotify-ის მსგავსმა დიზაინმა ბევრი გააღიზიანა, Google-ის მიდგომა უფრო ექსპერიმენტულად აღიქმება. სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ დიზაინი „საშინელია“, თუმცა სწორედ ამ „ცუდობაში“ პოულობენ ხიბლს და აღიარებენ, რომ მაინც გამოიყენებენ მას.

ეს ტენდენცია კარგად ეხმიანება ე.წ. Zillennials-ის ინტერესს „Whimsy“-ის (ახირებულობის) მიმართ, რაც რთულ მსოფლიოში ყოველდღიურობის გაფერადების ერთგვარი მცდელობაა. Google-ის გარდა, მსგავსი ვიზუალური ეფექტების ინსტრუმენტებს სხვა პლატფორმებიც ავითარებენ, რაც ადასტურებს, რომ კიტჩური ესთეტიკა ტექნოლოგიურ სამყაროში დროებით თავის დამკვიდრებას ცდილობს.