მილან-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის მამაკაცთა ჰოკეის ნაკრების გამარჯვება სკანდალმა დაჩრდილა. კანადასთან 2-1 ანგარიშით მოგებული ფინალის შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც გუნდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრება.

საუბრის მიმდინარეობისას, პრეზიდენტმა აშშ-ის ქალთა ნაკრების მიმართ, რომელმაც ასევე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, დამამცირებელი კომენტარი გააკეთა. ვიდეოში ჩანს, რომ ჰოკეისტები ამ რეპლიკებს არა პროტესტით, არამედ სიცილით შეხვდნენ.

ელენ ჰიუზის პოზიცია

სიტუაციის გამწვავების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა ჰოკეისტმა და ჯეკ და ქუინ ჰიუზების დედამ, ელენ ჰიუზმა. ის ამჟამად აშშ-ის ქალთა ნაკრების კონსულტანტია და სპორტში ქალთა უფლებების გაძლიერებაზე მუშაობს.

„Today“-სთან ინტერვიუში ელენმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია „სინერგია“ მამაკაცთა და ქალთა ნაკრებებს შორის. მისი თქმით, შიდა სამზარეულოში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია და გუნდებს შორის მყარი კავშირი არსებობს.

„თუ ნახავდით, როგორ თანამშრომლობენ ისინი, როგორ იზიარებენ საცხოვრებელ სივრცეებსა და ვარჯიშებს, მიხვდებოდით, რომ ეს ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ელენ ჰიუზმა.

სპორტსმენები, როგორც დიპლომატები

ელენ ჰიუზის თქმით, ოლიმპიური თამაშები მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. ეს არის დიპლომატიური პლატფორმა, სადაც სპორტსმენები საკუთარი ქვეყნის ღირებულებებს წარმოადგენენ.

„საბოლოო ჯამში, ყველაფერი ქვეყნის ერთიანობაზეა დამოკიდებული. ორივე გუნდი ზრუნავს ადამიანურობაზე, ერთიანობასა და სამშობლოზე. მათ შეუძლიათ გააერთიანონ ხალხი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა“, - დასძინა მან.

მიუხედავად დედის მცდელობისა, სიტუაცია განემუხტა, საზოგადოებრივი აზრი ორად არის გაყოფილი. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პროფესიონალი სპორტსმენები, როგორც მისაბაძი მაგალითები, ვალდებულნი არიან, მსგავსი ტიპის რიტორიკას არ დაეთანხმონ და არ წაახალისონ ის სიცილით.