კიშინიოვში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, 36-მა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მმართველ კომიტეტს აყალიბებს. საქართველო ამ ინიციატივას არ შეუერთდა.

რა არის სპეციალური ტრიბუნალი?

ახალი მექანიზმის მიზანია, განიხილოს არა ცალკეული სამხედრო დანაშაულები, არამედ უშუალოდ რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფაქტი. ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მანდატი ამ მიმართულებით შეზღუდულია, რადგან რუსეთი „რომის სტატუტის“ ხელმომწერი არ არის.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის პასუხისმგებლობის დადგომისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კი აღნიშნა, რომ ტრიბუნალი უკვე „იურიდიული რეალობაა“.

რატომ არ შეუერთდა საქართველო?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კიშინიოვში განაცხადა, რომ თბილისს არ აქვს „ფუფუნება“, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნისთვის დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შექმნიდა.

„პოზიცია ზოგიერთი სახელმწიფოსი, მათ შორის ევროკავშირის წევრებისა, საქართველოს მიმართ, არ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყანას დაუცველს გახდის“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თბილისი პარტნიორებისგან უფრო მეტ სიცხადეს ელოდება. მისი თქმით, საქართველოს საზოგადოების წინაშე ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ვალდებულება დგას.

ორმხრივი ურთიერთობები

სხდომის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას, ანდრეი სიბიგას შეხვდა. ეს მაისის დასაწყისიდან უკვე მესამე შეხვედრაა, რაც მაღალი დონის კონტაქტების გააქტიურებაზე მიუთითებს. თუმცა, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში კვლავ რჩება პრობლემური საკითხები.

მინისტრმა ასევე გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორების ნაწილი „ორმაგი სტანდარტების“ გამო. მან აღნიშნა, რომ საქართველოს „პრორუსულობაში“ დადანაშაულება უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება.