ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქართველ ახალგაზრდას ბრალი ნეონაცისტური ექსტრემისტული დაჯგუფების, MKY-ს (Maniac Murder Cult) შექმნასა და მასობრივი მკვლელობების მომზადებაში დასდეს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი, რომელიც ინტერნეტში „მეთაური მყასნიკის“ (Commander Butcher) ფსევდონიმით იყო ცნობილი, საერთაშორისო ულტრამემარჯვენე ქსელის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. ის 2025 წლის მაისში მოლდოვიდან აშშ-ში ექსტრადირების შემდეგ დააკავეს, ნოემბერში კი დანაშაული აღიარა.
რა შედიოდა მის გეგმებში?
საგამოძიებო მასალების მიხედვით, ჩხიკვიშვილი Telegram-ის საშუალებით აწვდიდა ინსტრუქციებს მომხრეებს ებრაელების, მიგრანტებისა და რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად. ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი გეგმა ახალი წლის ღამეს უკავშირდებოდა.
ბრალდების მიხედვით, ის გეგმავდა, რომ თავდამსხმელებს სანტა-კლაუსის ფორმები ჩაეცვათ და ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტები დაერიგებინათ. გარდა ამისა, ის აქტიურად მოუწოდებდა ბრუკლინში ებრაული სკოლებისა და ბავშვების წინააღმდეგ თავდასხმისკენ, ასევე ავრცელებდა შხამებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების დეტალურ ინსტრუქციებს.
MKY-ს გავლენა
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო „მანიაკები: მკვლელობის კულტს“ (MKY) მასობრივი ძალადობისა და რასობრივი ომის პროპაგანდისტად მიიჩნევს. გამოძიების თანახმად, 2021 წლიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებდა მანიფესტს, რომელიც სკოლებში თავდასხმებისა და ტერაქტების ჩადენის ინსტრუქციებს შეიცავდა.
FBI-ს მონაცემებით, ჩხიკვიშვილის იდეოლოგია უკავშირდება არაერთ საერთაშორისო ინციდენტს. კერძოდ, 2024 წელს თურქეთში, ესკიშეჰირის მეჩეთთან მომხდარ თავდასხმასა და 2025 წლის იანვარში ნეშვილის სკოლაში განხორციელებულ სროლას. ორივე შემთხვევაში თავდამსხმელები MKY-ს მასალებს იშველიებდნენ.
ქართული მედიის ცნობით, მიხეილ ჩხიკვიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან საქართველო დატოვა, აშშ-ში ყოფნისას კი ნიუ-იორკში საკუთარ ბებიასთან ცხოვრობდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.