SpaceX-მა Starship-ის მორიგი სატესტო გაფრენა განახორციელა. კოსმოსური ხომალდი ტეხასის შტატში მდებარე Starbase-ის პოლიგონიდან დაგეგმილ დროს, 18:30 საათზე აფრინდა. წინა დღეს დაგეგმილი სტარტი ტექნიკური ხარვეზების გამო გადაიდო.

ეს მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, რომელიც საჯარო ბაზარზე გასვლისთვის ემზადება. SpaceX-მა მიმდინარე კვირას უკვე გამოაქვეყნა IPO-ს პროსპექტი. ილონ მასკის აეროკოსმოსური გიგანტი მომავალ თვეში დაახლოებით 75 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში, xAI-თან შერწყმის შემდეგ, კომპანიის საბაზრო ღირებულება 1.25 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

რა მოხდა ტესტირებისას?

Starship V3-ის ტესტირების ფარგლებში SpaceX-მა ორბიტაზე სიმულაციური თანამგზავრები განათავსა და კოსმოსიდან პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია უზრუნველყო. თუმცა, ყველა დასახული მიზანი სრულად ვერ შესრულდა. კომპანიამ ვერ მიაღწია ძრავების მუშაობის იმ მაჩვენებლებს, რაც უსაფრთხო ორბიტალური ფრენებისა და დაბრუნებისთვის აუცილებელია.

Superheavy-ის პირველმა საფეხურმა, რომელიც აფრენას უზრუნველყოფს, განცალკევებისთანავე პრობლემები შექმნა. ძრავების ხელახალი გაშვებისას დაფიქსირებულმა ანომალიებმა კონსტრუქციის ნაწილი დააზიანა, რამაც მართვის სისტემაზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია.

ფინალი ინდოეთის ოკეანეში

Starship-მა მაქ 7 სიჩქარით ფრენის შემდეგ, ინდოეთის ოკეანეში ვერტიკალური დაჯდომა სცადა. ხომალდმა ორი ძრავა აამუშავა, თუმცა წყალთან შეხებისას ის წაიქცა და აფეთქდა, რაც ინჟინრებისთვის მოსალოდნელი შედეგი იყო. ეს იყო Starship-ის ისტორიაში რიგით მე-12 სატესტო გაფრენა.

კომპანია აცხადებს, რომ Starship-ის კონფიგურაცია 100 მეტრიკულ ტონა ტვირთს დედამიწის ორბიტაზე გაიტანს. მისი სრულად ხელახალი გამოყენებადობა კი ავიაგადაზიდვების მსგავსი ტემპით ფრენების საშუალებას მისცემს. ეს ტექნოლოგია გადამწყვეტია Starlink-ის ქსელის გაფართოებისთვისაც, რათა ინტერნეტის მიწოდება კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.