სტივენ კოლბერტმა „The Late Show“-ს ისტორიაში ბოლო წერტილი დასვა. 33-წლიანი არსებობის შემდეგ, ამერიკული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შოუ დაიხურა. ფინალური ეპიზოდის საპატიო სტუმარი „The Beatles“-ის წევრი, სერ პოლ მაკარტნი იყო.
გადაცემის დასკვნით ნაწილში კოლბერტმა და მაკარტნიმ გაიხსენეს ჯგუფის ისტორიული ვიზიტები ნიუ-იორკის „ედ სალივანის თეატრში“, სადაც თავად შოუც წლების განმავლობაში იწერებოდა. მათ ერთობლივად შეასრულეს სიმღერა „Hello, Goodbye“, რის შემდეგაც გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე გამოვიდა.
დაძაბული მოლოდინი და „პაპის“ უცნაური ისტორია
გადაცემის დაწყებამდე მაყურებელში დიდი ინტერესი იყო იმის შესახებ, თუ ვინ გახდებოდა ბოლო სტუმარი. შოუს სტუმრობას ცნობილი მსახიობები, მათ შორის ბრაიან კრენსტონი, პოლ რადი და რაიან რეინოლდსი ცდილობდნენ, თუმცა კოლბერტმა ისინი უარით გაისტუმრა.
თავად წამყვანმა, რომელიც რელიგიური ადამიანია, ადრეულ ინტერვიუებში ხუმრობით აღნიშნა, რომ ფინალში პაპ ლეო XIV-ის ხილვა სურდა. ეთერში გასვლისას კოლბერტმა განაცხადა, რომ პაპი ვატიკანიდან ჩამოვიდა, თუმცა შოუს თანამშრომელმა შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ პაპი გასახდელიდან გამოსვლაზე უარს ამბობდა, რადგან „საჭმელი არ მიუტანიათ“.
საბოლოოდ, მაყურებელმა მხოლოდ ის დაინახა, თუ როგორ გადმოაგდეს გასახდელის კარიდან ჰოთ-დოგი. ამის შემდეგ სცენაზე პოლ მაკარტნი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ „უბრალოდ ახლოს იყო“ და კოლბერტს შეუერთდა.
შოუს დასასრული და მემკვიდრეობა
CBS-მა შოუს დახურვის შესახებ გასული წლის ივლისში მოულოდნელად გამოაცხადა. კოლბერტმა შოუ დევიდ ლეტერმანისგან 2015 წელს ჩაიბარა და 11 სეზონი გაუძღვა. ლეტერმანი, რომელიც CBS-ის გადაწყვეტილების კრიტიკოსი იყო, გასულ კვირას სტუმრის სტატუსით დაბრუნდა და კოლბერტთან ერთად ძველი ტრადიცია — შენობის სახურავიდან ნივთების გადმოყრა — გაიმეორა.
შოუს დასკვნით დღეებში სტუდიაში არაერთმა ვარსკვლავმა, მათ შორის სტივენ სპილბერგმა, ტომ ჰენკსმა და ბრიუს სპრინგსტინმა გაიარა. კოლბერტის კოლეგებმა, ჯიმი ფელონმა და ჯიმი კიმელმა, პატივისცემის ნიშნად თავიანთი შოუების იმ დღის გამოშვებები გააუქმეს.
მიუხედავად იმისა, რომ კოლბერტი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი იყო, CBS-მა განაცხადა, რომ დახურვა მხოლოდ ფინანსური გადაწყვეტილებაა და არა შოუს შინაარსთან კავშირში მყოფი საკითხი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.