კრიპტოვალუტის ბირჟა OKX და Intercontinental Exchange (ICE), რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელია, სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ. კომპანიები ბაზარზე ნავთობის ე.წ. „მარადიულ“ (perpetual) ფიუჩერსებს შემოიტანენ.

თანამშრომლობის ფარგლებში, ICE-ის მიერ დადგენილი Brent-ისა და WTI-ის ნავთობის ფასები საფუძვლად დაედება OKX-ის ახალ საკონტრაქტო პროდუქტებს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ტრადიციული ენერგეტიკული ბაზრის ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობას კრიპტოპლატფორმის 120 მილიონი მომხმარებლისთვის.

რა არის „მარადიული“ ფიუჩერსები?

ტრადიციული ფიუჩერსებისგან განსხვავებით, „მარადიული“ კონტრაქტები (perps) არასდროს იწურება. ეს ნიშნავს, რომ ტრეიდერებს არ უწევთ კონტრაქტების განახლება (roll over) ან ფიზიკური ნავთობის მიღებაზე ზრუნვა. აღნიშნული მოდელი უკვე წარმატებით გამოიყენება Hyperliquid-ის პლატფორმაზე, სადაც ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვა 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ნავთობის ბაზარი მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალია“, — განაცხადა OKX-ის გლობალურმა მმართველმა პარტნიორმა ჰაიდერ რაფაიკმა. მისი თქმით, ICE-ის საეტალონო მონაცემების ინტეგრირება რეგულირებულ ფიუჩერსებში არის ის ხიდი, რომელსაც ბაზრის მონაწილეები დიდი ხანია ელოდნენ.

ინსტიტუციური კავშირი

აღსანიშნავია, რომ ICE-ს OKX-ში წილი აქვს. მიმდინარე წლის მარტში კომპანიებმა გააფორმეს შეთანხმება ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. პროექტი გულისხმობს ბლოკჩეინ-ქსელების შექმნას, რაც ICE-ის კლიენტებს კრიპტო-ფიუჩერსებზე წვდომას მისცემს, ხოლო OKX-ის მომხმარებლებს — შესაძლებლობას, ვაჭრობდნენ ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდებით NYSE-ის პლატფორმაზე. ICE-მა ასევე განახორციელა სტრატეგიული ინვესტიცია, რითაც OKX-ის საბაზრო ღირებულება 25 მილიარდ დოლარად შეფასდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პროდუქტები ხშირად ოფშორულ ბირჟებზეა ხელმისაწვდომი, აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) თავმჯდომარე მაიკლ სელიგი აცხადებს, რომ უწყება მალე ამ ტიპის ინსტრუმენტების ზედამხედველობას გაამკაცრებს.